ახალი ამბები

სააკაშვილი კახეთიდან რუსეთს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 სექტემბერს განაცხადა, რომ “გარკვეული ძალები რუსეთში“ შეეცადნენ ძირი გამოეთხარათ საქართველოს განვითარებისთვის ეკონომიკური ემბარგოს, საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო პროპაგანდითა და მათი ადგილობრივი “კოლაბორაციონისტების“ საშუალებით. 


პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით კახეთში გამოვიდა. 200 ახალი ტრაქტორის ფონზე საუბრისას, რომელიც მთავრობამ საჩუქრად გადასცა კახელ გლეხებს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ “წლევანდელი რთველი უზარმაზარი გამოწვევაა“ ქვეყნისათვის. 


“ჩვენთვის ეს რთველი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა იმის გამო, რომ გარკვეულმა ძალებმა რუსეთში გადაწყვიტეს, რომ ეს არის ბოლო შემოდგომა, როცა მათ შეუძლიათ საქართველოს გამთლიანების და გაძლიერების პროცესის ერთხელ და სამუდამოდ შეჩერება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი გამოსვლა ძალიან ჰგავდა ასევე კახეთში 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ბიზნესმენებს მოუწოდა კახელ მეღვინეებს ყურძნის შესყიდვის მეშვეობით დახმარებოდნენ.


“არსებობს სამი სახის გეგმა [საქართველოს წინააღმდეგ]. პირველი – საქართველოს სრული ეკონომიკური ემბარგო და ბლოკადა. ისინი [გარკვეული ძალები რუსეთში] თვლიდნენ, რომ თუ საქართველოს  პროდუქციას გადაუკეტავდნენ რუსეთის ბაზარს, საქართველო დაინგრეოდა. მსგავსი ვერაფერი ვერ მიიღეს… მეორე მეთოდი არის საერთაშორისო პროპაგანდისტული პლოკადა, რადგანაც ერთადერთი ახალი ამბავი, რომელიც გავა ტელევიზიაში იქნება ის, რომ საქართველოში არის შეტაკება და უკმაყოფილება. ესეც არ გამოუვიდათ… მესამე მათი იმედი იყო ადგილობრივი კოლაბორაციონისტები… მაგრამ ეს სცენარიც ჩაეშალათ გუშინწინ [6 სექტემბერს, როდესაც საქართველოს მასშტაბით იგორ გიორგაძის მხარდამჭერები დააპატიმრეს], – განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ისაუბრა 8 სექტემბერს მომხდარ შეტაკებაზე, რომლის დროსაც სამი ოსი შეიარაღებული პირი და ერთი ქართველი ოფიცერი დაიღუპა და კიდევ ორი ქართველი დაიჭრა.


“დღეს მოხდა შეტაკება ბანდიტებთან ცხინვალის რეგიონში და მალხაზ კომახიძე, რომელიც იყო ლტოლვილი [აფხაზეთიდან], დაიღუპა სამი ბანდიტის განადგურებისას. ეს ვერ მოესწრო აფხაზეთში დაბრუნებას. მე დღესვე გავეცი განკარგულება, რომ მის ოჯახს ჰქონდეს ბინა თბილისში და მე ვპირდები ამ ოჯახს, რომ სულ მალე მათ სოხუმშიც ექნებათ ბინა“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ამჟამად საქართველოს მთავარი მიზანია, რომ “არ წამოეგოს არანაინ პროვოკაციებს“.


“ჩვენ უნდა დავდგეთ მაგრად, გავცეთ პასუხი, როგორც კოდორში, სადაც საჭიროა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ ფართომასშტაბიან პროვოკაციას. დრო მუშაობს საქართველოზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ “გარკვეულმა ძალებმა რუსეთში“ არ უნდა დაინახონ, რომ შექმნეს პრობლემა ქართული ღვინისთვის რუსული ბაზრის დახურვით. 


“წელს ეკონომიკური ომის ფრონტის ხაზი გადის ამ ვენახებში. ჩვენ ყველანი ვართ ბრძოლაში. და ეს ხალხი [მიანიშნა მთავრობის წევრებზე] საბრძოლო შტაბის წევრები არიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.


სააკაშვილთან ერთად კახეთში ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და კახეთის გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი. სააკაშვილის თქმით, თითოეული მათგანი გააკონტროლებს რთველის მიმდინარეობას კახეთის სხვადასხვა რაიონებში.


“ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ. მთავარი ამოცანა წელს არის ჩვენი მონაგარის გადარჩენა. თუ ჩვენ წელს გადავიტანთ ამ პრობლემას, მომავალ წელს მე გაძლევთ პირობას, რომ პრობლება ღვინის გასაღებისა აქ უკვე საერთოდ აღარ იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.


პრეზიდენტის თქმით, მისი თხოვნის შედეგად ქართველი ბიზნესმენები 2 000 ტონა ყურძენს შეისყიდიან, ხოლოს თბილისის მერია 4 000 ტონას იყიდის.


“გარდა ამისა, ჩვენ ჯარისკაცებს აუცილებლად სჭირდებათ კალორიები და რამდენიმე ათასი ტონა მიდის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომლის რაოდენობაც გაიზარდა“, – განაცხადა სააკაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ შედეგად 10 000 ტონა ყურძენი გაიყიდება.


წლევანდელი რთველის შედეგად 85 ათასი ტონა ყურძნის მოკრეფა იგეგმება, მაშინ როცა ღვინის მწარმოებელი კომპანიები მხოლოდ 30 ათასი ტონის შესყიდვას შეძლებენ.


სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო საზღვარგარეთ ფალსიფიცირებული ღვინოს წინააღმდეგ ბრძოლა. “ჩვენ უნდა განვახორციელოთ ძალიან აგრესიული სამარკეტინგო კამპანია ყველგან“, – განაცხადა სააკაშვილმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button