skip to content
ახალი ამბები

თბილისი კოდორის ხეობის გამო მოსკოვის კრიტიკას პასუხობს

რუსეთის მიერ კოდორის ხეობის ქართული პოლიტიკის კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში ჩატარებული “პოლიციური ოპერაციის“  შედეგად აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება აუცილებლად განთავსდება კოდორის ხეობაში და იქ დარჩება იმდენი პოლიციური ქვედანაყოფი, რამდენიც საჭიროა რეგიონში წესრიგისა და კანონიერების დასაცავად.


“ყოველივე ზემოაღნიშნულის განხორციელება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ უფლებას და ქვეყნის ხელისუფლების გეგმები რეალიზებული იქნება მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ამაზე სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები და მათი მფარველი რუსეთის მხარე“, – აცხადებს 7 სექტემბერს საქართველოს დიპლომატიური უწყება.


7 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ განაცხადა, რომ ქართულ–აფხაზური მოლაპარაკებათა პროცესი “ჩიხშია შესული” და მოუწოდა თბილისს გაიყვანოს ძალები კოდორის ხეობიდან.

ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას “მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი” კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება აფხაზურ მხარესთან პირდაპირი ორმხრივი დიალოგით, რომელიც “აუცილებლად გაიმართება“ განახლებური ფორმატის  – საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.


“ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ აღნიშნულ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთონ კონფლიქტის დარეგულირებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციები და სახელმწიფოები“, – აცხადებს საგარეო უწყება.


თბილისი ასევე აცხადებს, რომ აქტიურად მუშაობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან აფხაზეთში სამშვიდობო ფორმატის შესაცვლელად, რადგან “დსთ-ს, რეალურად კი რუსეთის სამშვიდობო ოპერაციას აფხაზეთში, საქართველო, არ გადაუწყვეტია პრაქტიკულად არც ერთი პრობლემა, საბოლოოდ დაკარგა მიუკერძოებლობა და გადაიქცა სეპარატიზმის დამცველად“.


ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საქართველო დაინტერესებულია გაერო-ს როლის შენარჩუნებაში აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში და ამ ორგანიზაციის დამკვირვებელთა (UNOMIG) მუშაობაში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button