ახალი ამბები

როი რივი ვერტმფრენის ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა როი რივმა 4 სექტემბერს განაცხადა,  რომ საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნა უკანონოა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ფრენების განხორციელება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სივრცეში შეთანხმებით იკრძალება.


როი რივმა 3 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე გააკეთა კომენტარი, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენს, რომელშიც თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილიც იჯდა, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა.


“ჩვენ ვადასტურებთ, რომ ინციდენტი მოხდა. ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები ინციდენტის ადგილზე თვითმხილველთა დაკითხვას აწარმოებენ. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, დაუშვებელია რაიმე გამონაკლისის გაკეთება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით; ამიტომ, ცეცხლის გახსნა საფრენი აპარატის მიმართულებით უკანონოა. მაგრამ არსებობს შეთანხმება შერეული საკონტროლო კომისიის თავმჯდომარეებს შორის, რომელიც კრძალავს ფრენების განხორციელებას კონფლიქტის ზონის თავზე“, – განუცხადა როი რივმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, მისია თავის დასკვნებს ვენაში მუდმივმოქმედ საბჭოს მიაწვდის.


“ჩვენ ვცდილობთ გავესაუბროთ იმ ხალხს, ვინც შეესწრო ინციდენტს და შემდეგ ჩვენ დასკვნას გავაკეთებთ… შესაძლოა ცალკე სახელმწიფოებმა ან თავმჯდომარეობამ მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების გაკეთების თაობაზე“, – განაცხადა როი რივმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button