skip to content
ახალი ამბები

სსფ: 14,5% ინფლაცია სერიოზულ რისკს წარმოადგენს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) სამუშაო ჯგუფმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ივლისის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელმა 14,5%-ს მიაღწია, რაც დაგეგმილ პარამეტრებს ”მნიშვნელოვნად აღემატება.”


სსფ სამუშაო ჯგუფი ბოლო პერიოდში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვის და მთავრობის ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მსვლელობის შეფასების მიზნით საქართველოში 11-18 აგვისტოს იმყოფებოდა.


2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ინფლაციის პარამეტრი 5-6% განსაზღვრავდა. სსფ-ს მონაცემებით აპრილში, ბოლო თორმეტი თვის ინფლაციის მაჩვენებელი 6% იყო.


”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა კვლავინდებურად მყარია, დღეისათვის ეკონომიკა მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას განიცდის… ინფლაციის ასეთი სწრაფი ზრდა ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში მოთხოვნის ზრდას, რაც ძირითადად ჭარბი ფულის მიწოდებითაა გამოწვეული. ინფლაციის არსებული დონე მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამის პარამეტრებს და სერიოზულ რისკს უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას,” ნათქვამია სსფ-ის სამუშაო ჯგუფის მიერ 18 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.


სსფ-მა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაამკაცროს ფინანსური და მონეტარული პოლიტიკა.


”ხარჯების შეზღუდვა, შემცირებული დეფიციტი და რეზერვებისა და ფართო ფულის მცირე ტემპით ზრდა შექმნის მოთხოვნის ზეწოლის შემცირების საშუალებას. ამ მომენტისათვის, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 1.8 პროცენტამდე შეიზღუდება. მთლიანობაში, ზემოთ აღნიშნული ქმედებების შედეგად შემცირდება ინფლაციური ზეწოლა 2006 წლის დარჩენილი თვეების განმავლობაში და შესაძლებელი გახდება 2006 წლის ბოლოსათვის ინფლაციის მაჩვენებლი 10 პროცენტამდე შემცირდეს. 2007 წელს კიდევ უფრო გამკაცრდება ინფლაციის შემცირებისაკენ მიმართული ზომები,” აცხადებს სსფ-ის სამუშაო ჯგუფი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button