skip to content
ახალი ამბები

მეხანძრეები და თურქული თვითმფრინავები ადიგენში ხანძარს ებრძვიან

ქართველი მეხანძრეები ადიგენის რაიონში აბასთუმნის ტყის ტერიტირიაზე ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე 500 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა.

გასული ღამით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა.

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებში 16 აგვისტოს საქართველოს თხოვნით თურქული თვითმფრინავებიც ჩაერთნენ.


„ამჟამად, ხანძარი ახლომდებარე დასახლებებს საშიშროებას არ უქმნის და ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ ხანძრის გავრცელება ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმართულებით“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა 16 აგვისტოს.


ხანძარი კურორტ აბასთუმნის მახლობლად 15 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. საქართველომ ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებით დახმარება თურქეთს სთხოვა.

15 აგვისტოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის თურქ კოლეგას აბდულა გიულს დახმარებისთვის.


თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ დახმარება ლოგიკური ნაბიჯი არის იმ ქვეყნის მიმართ, რომელთანაც თურქეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა აკავშირებს, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


თურქეთმა ანალოგიური დახმარება საქართველოს 2004 წლის სექტემბერშიც აღმოუჩინა, როდესაც ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი გაჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button