skip to content
ახალი ამბები

თბილისი კოდორის მონიტორინგში რუსი სამშვიდობოების ჩართვის წინააღმდეგია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს კოდორის ხეობის მონიტორინგის პროცესში რუსი სამშვიდობოების მონაწილეობას.


„გარდა წმინდა სამართლებრივი ასპექტისა, მორალური და პრაქტიკული თვალსაზრისითაც აბსულუტურად მიუღებელია კოლექტიური სამშვიდობო ძალების მონაწილეობა ხეობის მონიტორინგში იმ საერთო უნდობლობის ფონზე რომლითაც ე.წ. სამშვიდობოები სარგებლობენ მთლიანად საქართველოში და განსაკუთრებით აფხაზეთის ქართულ მოსახლეობაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 10 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ ქართულ მხარეს აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი დაეთანხმოს მონიტორინგის ჩატარებას გაერო-ს დამკვირვებელთა მიერ და „ამის უფლება მისცეს ან არ მისცეს რუს სამშვიდობოებს“.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მაშინ როცა საუბარია კოდორის ზედა ზონის მონიტროინგზე, ეს პროცესი უნდა შეეხოს კოდორის ქვედა ზონასაც. თბილისი მოსკოვს ახსენებს, რომ კოდორი უსაფრთხოების ზონაში არ შედის და იქ სამშვიდობოების გადაადგილება  ქართულ მხარესთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.


„ამის მოთხოვნის უფლება საქართველოს მხარეს სწორედ 1994 წლის 14 მაისის [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ] მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე აქვს,  ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტში მთელი ხეობის მონიტორინგზეა საუბარი. აქვე რუსეთის მხარეს შევახსენებთ, რომ კოდორის ხეობა არ შედის უსაფრთხოების ზონაში და შესაბამისად სამშვიდობოების გადაადგილება ამ ტერიტორიაზე შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მხარესთან“, – ნათქვმია განცხადებაში.


გაეროს დამკვირვებლები კოდორის ხეობის მონიტორინგს 20 აგვოსტოდან დაიწყებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button