skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი: ინფორმაციამ სამშვიდობოების შტაბიდან გაჟონა

თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ ინფორმაციამ რუსი სამშვიდობოების სახელფასო თანხის ტრანსპორტირების შესახებ სოხუმში განლაგებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების შტაბიდან გაჟონა, იტყობინება “აფსნიპრესი“.


მისი თქმით, სამშვიდობოების მანქანები, მათ შორის ავტობუსები და მსუბუქი მანქანები ყოველდღე გადიან ამ გზას, თუმცა თავდასხმა მათზე სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც მათ ფული გადაჰქონდათ.


“მხოლოდ ხალხის მცირე ჯგუფს შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სამშვიდობოები დიდი რაოდენობის თანხას გადაიტანდნენ იმ დღეს“, – დასძინა ხეციამ.


გაგრა-გუდაუთის გზაზე 2 აგვისტოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი რუსი სამშვიდობო დაიღუპა. თავდასხმა სამშვიდობოების ავტობუსსა და გამცილებელ მანქანაზე მაშინ მოხდა, როდესაც მათ სამშვიდობოების სახელფასო თანხა გადაჰქონდათ. ორმხრივი სროლის შედეგად ორი სამშვიდობო დაიჭრა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button