ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს

დღეს პროკურატურამ ოპოზიციური მოძრაობა წინ საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენა.


ამ გადაწყვეტილებამდე ირაკლი ბათიაშვილი დღეს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.


” ბათიაშვილს  სახელმწიფო ამბოხის დახმარებაში წარედგინა ბრალი, რაც გამოიხატა ემზარ კვიციანის მიმართ ინტელექტუალურ დახმარებაში, რჩევებისა და მითითებების მიცემაში… ასევე მას ბრალი წარედგინა იმის გამო, რომ არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა დახმარებას ჰპირდებოდა ემზარ კვიციანს“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ივლისს გაავრცელა ემზარ კვიციანისა და ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბარი, სადაც კვიციანი ატყობინებს, რომ “კუპალბა მას დაუკავშირდა და დახმარება აღუთქვა“. სატელეფონო ჩანაწერში ბათიაშვილი კვიციანს და მის შეიარაღებულ ჯგუფს “მაგრად დგომას“ ურჩევს.

ირაკლი ბათიაშვილი 90–იანი წლების დასაწყისში ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, 1995 წლიდან კი ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button