მოსკოვი კოდორში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში სიტუაცია უკეთესობისაკენ არ იცვლება.
“ამ რაიონში საქართველოს შეიარაღებული ძალების მსხვილი კონტიგენტის გაგზავნასთან დაკავშირებით იზრდება შიში, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შექმნას პლაცდარმი ქართულ–აფხაზური კონფლიქტის ძალისმიერი მოგვარებისათვის“, – იუწყება 28 ივლისს რუსეთის საგარეო უწყება კამინინის სიტყვებზე დაყრდნობით.
28 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა თბილისის სავარაუდო აგრესიულ გეგმებზე სოხუმის მიმართ და განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას წარმატების შანსი არ აქვს.
მოსკოვი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ “თბილისის მოქმედებები სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების სერიოზული დარღვევა“.
კამინინის ინფორმაციით, 27 ივლისს კოდორში შექმნილი ვითარება რუსული მხარის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოზე განიხილეს.
საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 27 ივლისს განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ კოდორის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაცია ლეგიტიმურად შეაფასა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)