skip to content
ახალი ამბები

კვიციანს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი

გენერალურმა პროკურატურამ ემზარ კვიციანს ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხების მოწყობის მოტივით დაუსწრებლად წაუყენა ბრალი, რაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


“გამოიკვეთა, რომ კვიციანის მიერ ჩადენილი იქნა შეიარაღებული ამბოხება ხელისუფლების დამხობის მიზნით. ყოველივე ეს შეიცავს სახელმწიფო  ღალატის შემადგენლობას“, – განუცხადა 28 ივლისს გენერალური პროკურორის მოადგილემ კახა კობერიძემ “რუსთავი 2“- ს.


მისი თქმით, ანალოგიური ბრალდება წაეყენება ასევე ემზარ კვიციანის დისშვილს ბაჩო არღვლიანს, რომელიც მძიმე დანაშაულების ჩადენის ბრალდებით ადრეც იძებდნებოდა.


გენერალურმა პროკურატურამ ემზარ კვიციანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო ტარებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მუხლებით 27 ივლისს აღძრა. მასზე გამოცხადებულია ძებნა.


ემზარ კვიციანმა, რომელიც კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, სოხუმში აფარებს თავს,  ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა 22 ივლისს გამოუცხადა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button