skip to content
ახალი ამბები

სამშვიდობოებზე დადგენილების პროექტი ცნობილი გახდა

საქართველოს პარლამენტმა 17 ივლისს გაავრცელა პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტური ზონებიდან რუსი სამშვიდობოების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. დადგენილების პროექტს პარლამენტი 18 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.


ქვემოთ მოყვანილია დოკუმენტის დადგენილებითი ნაწილი:


1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, დაიწყოს აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისათვის, შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების და საერთაშორისო სტრუქტურების გაუქმებისათვის და რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის.

2.  საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებივ დაიწყოს მუშაობა სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე, აგრეთვე გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საკუთარი გეგმები, მათი იმპლემენტაციის გზები და მიზნის მისაღწევად იხელმძღვანელოს ფართო თანამშრომლობის პრინციპით.

3. საქართველოს მთავრობამ გაააქტიუროს მუშაობა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის სწორი ინფორმირებისათვის, ნდობის მაქსიმალურად აღდგენისათვის, მშვიდობიანი, დემოკრატიული ცხოვრების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button