skip to content
ახალი ამბები

აშშ მოუწოდებს ეუთოს ცხინვალის მთელ რეგიონზე გააფართოოს საქმიანობა

აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ მოუწოდა ეუთოს მთელი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადული რეგიონის მასშტაბით გააფართოოს მისი დამკვირვებლების საქმიანობა და ამავე დროს გაზარდოს ამ დამკვირვებელთა რაოდენობა.


13 ივლისს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ჯული ფინლიმ განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთან ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვის თაობაზე “კიდევ უფრო უსვამს ხაზს ეუთოს საჭიროებას, რაც დაეხმარება საქართველოს სუვერენული კონტროლი განახორციელოს თავის საზღვრებზე, რათა ხელი შეუწყოს კანონიერ ვაჭრობას რეგიონში და შეამციროს კონტრაბანდის, კრიმინალური საქმიანობის და იარაღის და სახიფათო მასალების შემოდინების მასშტაბები, რაც არსებული მოუგვარებელი კონფლიქტების შედეგია“.


ამჟამად ეუთოს დამკვირვებლები მხოლოდ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მუშაობენ. ამ ზონაში არ შედის თვითგამოცხადებული რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილი, მათ შორის როკის გვირაბი.


ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა “მიუღებელია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს“.


“რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ხალხისა და ტვირთების კანონიერი ნაკადის ცალმხრივი შეჩერება ზიანს აყენებს რეგიონის მოსახლეობის, მათ შორის სომხეთის მოსახლეობის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ინტერესებს“, – განაცხადა ფინლიმ.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button