skip to content
ახალი ამბები

დეპუტატები ცხინვალის რეგიონში რუსეთის “პროვოკაციულ” ქმედებებს ეხმაურებიან

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა დაგმეს რუსული მხარის ბრალდებები საქართველოს მიმართ, თითქოს თბილისი ამზადებს სამხედრო ოპერაციას  ცხინვალის რეგიონში, რაც მიზნად ისახავს დიდი რვიანის სამიტის მსვლელობისას საქართველოს დისკრედიტაციას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 14 ივლისს ცხინვალში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია.


“მე არ გამოვრიცხავ რომ ამ ტიპის ქმედებები და ამ ტიპის განცხადებები იყოს გამართლება მომავალი ქმედებებისა რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და ეს იყოს მცდელობა საქართველოს ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩარევის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


“როგოგორც ჩანს გაცხადებული გეგმა ხორციელდება. თუ რუსეთი, რომელიც კონფლიქტში უკვე მხარედ გვევლინება, გადაწყვეტს მასობრივი ჟლეტვის გაჩაღებას, ჩვენ ბუნებრივია პროვოკაციას არ ავყვებით და არცერთი შეიარაღებული ძალების ნაწილი არ ჩაერთვება ამ პროცესებში, მაგრამ ისინი მიიღებენ ძალიან სწრაფ და მძიმე დარტყმას ამის საპასუხოდ“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.


მისი განცხადებით, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის და სამხედრო დაზვერვის ერთიანი გეგმის მიხედვით ხორციელდება.


“შესაბამისად არის შერჩეული ისეთი ფიგურები, რომელთა განადგურებაც ბევს აწყობს დე ფაქტო ხელისუფლებაშიც. მაგალითად, დღეს ვიზეც ვერ შედგა [ბალა ბესტაუტი] ტერაქტი არის მოპარული მანქანების ბაზრის კონტროლიორი და ბევრს ის აღიზიანებდა. მთლიანობაში თუ განვიხილავთ, რომ თითოეული ასეთი ფაქტის წინ ხდება რუსი ჟურნალისტების კონცენტრაცია რეგიონში, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ ეს ფაქტები წინასწარ არის ცნობილი რუსული მხარისათვის“, – განაცხადა თარგამაძემ.


ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს წრთვნები რუსეთის ფედერაციაში უშუალოდ როკის გვირაბის სიახლოვეს.


“ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ახლა მოწმდება, უკვე შემოყვანილია 20–მდე ერთეული ტექნიკა ცხინვალის რეგიონში. ეს ძირითადად არის ბმპ–ს ტიპის და ურალის ტიპის მანქანები“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button