skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძემ გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთი გააკრიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 11 ივლისს გაეროს უშიროების საბჭოზე რუსეთი აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო მწვავედ გააკრიტიკა, რამაც გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის უკმაყოფილება გამოიწვია, იტყობინება Associated Press–ი.


ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებენ და ამ რეგიონში სამშვიდობო ოპერაციის გაეროს ეგიდით გაგრძელებისაკენ მოუწოდა.


პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ რეალურად რუს სამშვიდობოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის 10%–ზე. მან ასევე ბრალი დასდო რუსეთს სეპარატისტების შეიარაღებაში.


“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, ქალბატონმა ბურჯანაძემ დიდი შეცდომა დაუშვა რუსეთის წინააღმდეგ ამ ტიპის გამოსვლით… ვფიქრობ, ეს პირველ რიგში, აბსოლუტურად მიუღებელია და ასევე კონსტრპროდუქტიული მიზნების მისაღწევად კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ყველა ასპექტში“, – იუწყება Associated Press–ი  გაეროში  რუსეთის ელჩის სიტყვებზე დაყრდნობით.


“უკეთესი იქნებოდა რუსეთის მხარეს ეთქვა კონკრეტული წინადადება, როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან გამოსვლა და არა ლამის მხრები აეჩეჩა, რომ პირველად ესმის ის პრეტენზიები, რომელიც იყო ნათქვამი. არცერთი საქმიანი წინადადება და ფრაზა რუსეთის მხიდან გამოსვლაში არ ყოფილა. იყო მხოლოდ პრეტენზია, რომ ყველაფერში ქართველები ვართ დამნაშავე”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


გაეროს რამდენიმე დიპლომატმა, რომელთაც Associated Press–თან საუბარში ინკოგნიტოდ დარჩენა არჩიეს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება რუსი სამშვიდობოების გაეროს სამშვიდობო ფორმატით ჩანაცვლებაზე ქართული მხარის თხოვნის სასწრაფო განხილვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button