skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი: საზღვრის ჩაკეტვით სომხეთი დაზარალდება

დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთის მიერ ერთადერთი ლეგიტიმური სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ზემო ლარსის დაკეტვის ფაქტზე განაცხადა, რომ საქართველო ამით პრაქტიკულად არ დაზარალდება, რადგან რუსული ეკონომიკური ემბარგოს გამო “საქართველოდან რუსეთში ექსპორტი ისედაც არ ხორციელდება“.


რუსეთმა ზემო ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტი დღეს დილიდან სარემონტო სამუშაოების მოტივით გაურკვეველი ვადით ჩაკეთა.


“ასე წინასწარი შეთანხმების გარეშე, თითქოს სარემონტო სამუშაოების მოტივით საზღვრის ჩაკეტვა ნორმალურ ვითარებაში არ ხდება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.


მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან საზღვრის დაკეტვის მიზეზებს შეისწავლის და “შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.


ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა ბათუმში განაცხადა, სადაც სომეხ კოლეგასთან ანდრანიკ მარგარიანთან ერთად  საქართველო-სომხეთის სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომის მუშაობაში მონაწილეობს.


“მე უკვე მივაწოდე ამის [საზღვრის ჩაკეტვის] შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ–მინისტრს, რომელიც შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განუცხადა ჟურნალისტებს 8 ივლისს ნოღაიდელმა.

სომხეთი რუსეთთან დასაკავშირებლად, მათ შორის სავაჭრო მიზნებისათვის, სწორედ ზემო ლარსზე გამავალ საავტომობილო გზას იყენებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button