skip to content
ახალი ამბები

სუბარი “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრების დაკავებას უკანონოს უწოდებს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ “თანასწორობის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე და კიდევ სამი წევრი 29 ივნისს “უკანონო სანქციის“ საფუძველზე დააპატიმრა 30 დღით.


სააპელაციო სასამართლოს მანდატურებმა “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები სასამართლოს ეზოში მაშინ აიყვანეს, როცა ეს უკანასკნელნი სასამართლოს ობიექტურობისაკენ მეგაფონით მოუწოდებდნენ. მათი ეს ქმედება შეფასდა, როგორც სასამართლოს მუშაობისათვის ხელის შეშლა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.


“კანონის განმარტება, რომ  სასამართლოს შენობა შეიძლება გავრცელდეს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არის კანონის აბსოლუტურად არასწორი გაგება და შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ირაკლი კაკაბაძე და მასთან ერთად დაპატიმრებული სხვა პირები არიან უკანონოდ დაპატიმრებულები და მათ მიმართ გამოყენებული სანქცია არის არაკანონიერი“, – განაცხადა 4 ივლისს სოზარ სუბარმა “რუსთავი 2″–ის ეთერში.


მისი თქმით, ამის გარდა დარღვევა იყო ისიც, რომ სასამართლოს მანდატურებმა, რომელთაც “თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები დააკავეს და სასამართლოს შენობაში შეიყვანეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მათთან არ დაუშვეს.


დაკავებული ირაკლი კაკაბაძე, რომელიც დიაბეტის მძიმე ფორმით არის დაავადებული, ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს ბადრაგის დაცვის ქვეშ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი შიმშილობის გამოცხადებას აპირებს და ითხოვს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დამკვეთების 20 ივლისამდე დაპატიმრებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button