skip to content
ახალი ამბები

ამერიკელი დიპლომატები აფხაზეთის ლიდერს შეხვდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი 19 ივნისს სოხუმში აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდნენ.


მოლაპარაკებების შემდეგ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მათ კონსტრუქციულ წინადადებებს მოუსმინეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ბრაიზამ განაცხადა, რომ თბილისის და სოხუმის წინადადებები ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ მხარეებს შორის შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა. მან აღნიშნა, რომ არსებობს კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესის მიღწევის სურვილი როგორც თბილისში, ისე სოხუმში, იუწყება “აფსნიპრესი”.


სააგენტოს ცნობით, ბრაიზამ ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები აფხაზეთსა და ევროპას შორის მხოლოდ მისასალმებელი იქნება.


მეთიუ ბრაიზა უკვე მეორედ ესტუმრა აფხაზეთს ბოლო ერთი თვის განმავლობაში. მაისის ბოლოს აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დელეგაციის ფარგლებში სტუმრობდა სოხუმს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button