skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი თორთლაძე ზურაბიშვილის პარტიას ტოვებს

დეპუტატმა გია თორთლაძემ დღეს განაცხადა, რომ იგი ტოვებს ოპოზიციური პარტია “საქართველოს გზის“ რიგებს, რომელსაც ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში. თორთლაძე პარტიის პოლიტიკური მდივანი იყო.


8 ივნისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი უარს აცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების მექანიკურ გაერთიანებაზე, რადგანაც ის არ აპირებს ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებაზე წავიდეს მხოლოდ იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მანდატები ან თანამდებობები მოიპოვოს.


“ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ნებისმიერი დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიებს შორის. აქედან გამომდინარე, მე ვალდებულად ვთვლი თავს დავტოვო პარტიის რიგები და საერთოდ ვთვლი, რომ მე დღეიდან ვერანაირ მონაწილეობას ამ კონფრონტაციაში ვერ მივიღებ“, – განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გია თორთლაძემ.


პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით გასული გია თორთლაძე საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის სალომე ზურაბიშვილის  პარტიაში მარტში, პარტიის დაფუძნების დროს გაწევრიანდა.


 

მსგავსი/Related

Back to top button