ახალი ამბები

კონსერვატორების ლიდერი ეჭვობს, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა

ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეჭვი გამოთქვა, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმებოდა, რაშიც “ერთი შეხედვით რუსული კვალი ჩანს“.


დავითაშვილის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უცნობი ახალგაზრდა კაცი ორი დღის განმავლობაში ტრიალებდა. მას შემდეგ, რაც 7 ივნისს მეზობლებმა სცადეს ამ ადამიანთან გამოლაპარაკება, იგი გაქცევას შეეცადა, თუმცა წაიქცა და ადგომისას ორჯერ ისროლა მაყუჩიანი პისტოლეტიდან.  წაქცევისას მას ნივთების ფუთა დაუვარდა.


დავითაშვილის განცხადებით, იმ ეტაპზე ეს ინციდენტი რიგით კრიმინალურ შემთხვევად ჩაითვალა, თუმცა დღეს ამ ადამიანის ნივთების დათვალიერებისას მეზობლებმა აღმოაჩინეს კობა დავითაშვილის საგაზეთო სურათი, შარვალი – ჯიბეში იარაღის კვალით და სამი სიმბარათი, მათ შორის ორი უცხოური, “ერთი  დანამდვილებით რუსული… ერთი შეხედვით რუსული კვალი ჩანს, მაგრამ გასაუბრებისას იმ ახალგაზრდას ეტყობოდა, რომ ქართველი იყო“.


დავითაშვილის განცხადებით, ეზოში იპოვეს ასევე სავარაუდოდ, ჯავშანგამტარი თვისებების მქონე გასროლილი ტყვიაც.


“მე ვაპირებ ეს მტკიცებულებები გადავცე გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვო გამოძიების დაწყება. ჩემი ოჯახი სერიოზულად არის შეშფოთებული და არ გამოვრიცხავ, რომ ოფიციალური თხოვნა გავაკეთო დავცის გამოყოფის თაობაზე“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.


მისი თქმით, ინციდენტის თაობაზე პატრულს შეატყობინეს, თუმცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მისულა.


“მე არ მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლება ურევია ამაში. მე მგონი ხელისუფლების უახლოესი ქმედებები, მათ შორის გენერალური პროკურატურის, ყველაფერს მოჰფენს ნათელს  – რამდენად ენერგიულად დაიწყება ამ საქმის გამოძიება და სწრაფად გამოიკვეთება ეჭვმიტანილი”, –განაცხადა დავითაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button