ახალი ამბები

ლავროვი ცხინვალის რეგიონში ვითარების დაძაბვაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური თბილისი რუსი სამშვიდობოებისთვის დაბრკოლებების შექმნით ცდილობს მოამზადოს ნიადაგი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტისათვის, იუწყება “რია ნოვოსტი“ 1 ივნისს.


“იმას, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მხარე აწყობს  უხეშ პროვოკაციებს, ცდილობს ხელი შეუშალოს რუსი სამშვიდობოების როტაციას,  ჩვენ ვაფასებთ, როგორც სიტუაციის გამწვავების მცდელობას და შესაძლოა, პირობების შექმნას ამ სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტის მიზნით, რის მოწოდებასაც ბევრი პოლტიკოსი აკეთებს საქართველოში. ვფიქრობ, ეს იქნება უხეში შეცდომა“, – განუცხადა რუსს ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა.


ლავროვის თქმით, ის რაც ახლა ხდება, 1992-93 წლებში ხელმოწერილი ყველა შეთანხმების დარღვევაა. 


მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონი საერთაშორისო დონეზე აღიარებული კონფლიქტის ზონაა.


“ამის გამო ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერისას, საქართველოს ჩათვლით, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ ის ობიექტური ფაქტი, რომ ამ ზონის კონტროლი დღესდღეობით თბილისის შესაძლებლობებს აღემატება“, – განაცხადა ლავროვმა.


მისი თქმით, ამის გამო კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან სამშვიდობოები, რომელთა შემადგენლობაში შედიან როგორც რუსული, ისე ქართული და ჩრდილოეთ ოსური დანაყოფები და პერიოდულად როტაციას გადიან.


“რუსული კონტიგენტი განთავსებულია შსკ-ს წესების საფუძველზე და აპრილშიც და მაისშიც ქართული მხარე გაფრთხილებული იქნა რუსი სამშვიდობოების როტაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ხშირად ქართული მხარე როტაციას ახორციელებს მხარეებთან შეუთანხმებლად.


“ჩვენი მოწოდება მდგომარეობს იმაში, რომ არსებული წინადადებები კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ერთობლივი გეგმის შემუშავების შესახებ, რომელიც მიღებულია შსკ-ს ფარგლებში, განხორციელდეს რეალურად“, – დასძინა ლავროვმა.

Back to top button