ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ჩაშლის მცდელობაში სდებს ბრალს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 1 ივნისს აცხადებს, რომ რუსეთის მხარე ცდილობს ბრიუსელში დაგეგმილი დონორთა კონფერენციის წინ საერთაშორისო თანამეგობრობის დეზორიენტაციას და ამ მიზნისთვის საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებსა და შეიარაღებული დაპირისპირების განახლების მცდელობაში ადანაშაულებს.


“ქვეტექსტი ნათელია: რუსეთის მხარე, საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებსა და შეიარაღებული დაპირისპირების განახლების მცდელობაში დადანაშაულებით, ცდილობს შეაჩეროს ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების რეალიზაცია, რაც მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.


ბრიუსელში დონორთა კონფერენციას, სადაც დაახლოებით 10 მლნ ევროს გამოყოფის საკითხი უნდა გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის, უახლოეს მომავალში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კარელ დე გუხტი უმასპინძლებს.

Back to top button