
რუსეთი უარყოფს ცხინვალში დამატებითი ძალების შეყვანას
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-წარმომადგენლის ვიაჩესლავ სედოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთში რუსი სამშვიდობო ძალების მატება არ განხორციელებულა, როგორც ამას თბილისი ამტკიცებს.
ქართული მხარის ინფორმაციით, როტაციის ფარგლებში როკის გვირაბის გავლით შემოყვანილმა რუს სამშვიდობოთა რაოდენობამ შეთანხმებით გათვალისწინებულ 500 კაციან კვოტას თითქმის ორჯერ გადააჭარბა.
“სამხრეთ ოსეთში გეგმიური როტაციის ფარგლებში გაგზავნილი იყო 500 რუსი სამხედრო. ისინი იქ შეცვლიან სამშვიდობოებს, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მსახურობდნენ. არანაირი სხვა სამხედრო ფორმირების შეყვანა რუსეთიდან ცხინვალში არ მომხდარა და არც მოხდება“, – განუცხადა 1 ივნისს “ინტერფაქსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვიაჩესლავ სედოვმა.
მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების როტაცია ორი დღის ვადაში უნდა დასრულდეს. “ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ამ დროის განმავლობაში ხდება ტექნიკის და ობიექტების ინფრასტრუქტურის გადაცემა სამშვიდობო კონტიგენტისთვის“, – დასძინა სედოვმა.