
თბილისის მტკიცებით, რუსეთი ცხინვალის რეგიონში სამხედრო ძალის კონცენტრირებას ახდენს
31 მაისს რუსი ჯარისკაცებით სავსე 30 სატვირთო მანქანა შემოვიდა როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი ჯარისკაცები სამშვიდობოების როტაციის მიზნით იგზავნებიან.
“ამჟამად ცხინვალის რეგიონში როტაცია არ ხორციელდება. ხორციელდება [რუსული] შეიარაღებული ძალების მატება“, – განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, 30 მაისს როტაციის ფარგლებში ცხინვალში შემოყვანილ იქნა 13 სატვირთო და 2 ქვეითთა საბრძოლო მანქანა დატვირთული რუსი ჯარისკაცებით. ამასთან დაკავშირებით, თარგამაძის განცხადებით, რუსულმა მხარემ განმარტა, რომ ეს რაოდენობა არ ავსებდა რუსული კონტიგენტის კვოტას, რომელიც შერეული სამშვიდობო ძალების ქართულ და ჩრდილოეთ ოსური ბატალიონების მსგავსად, 500 კაცს შეადგენს.
“ასე, რომ მოხდებოდა ამ ხალხის დატოვება და იქ მყოფი ჯარისკაცებისთვის ვადის გაგრძელება, რომელიც უკვე შეავსებდა 500 კაციან კვოტას. ამის მიუხედავად, უკან არ იქნა გაყვანილი არცერთი ჯარისკაცი და მეტიც, გუშინ, დაახლოებით ღამის 12 საათზე იქნა დამატებით, ჩუმად ისე, რომ იმედი ჰქონდათ, რომ ქართული მხარე ამას ვერ დააფიქსირებდა, შემოყვანილი 30 სატვირთო მანქანა“, – განაცხადა თარგამაძემ.
თარგამაძის მონაცემებით, ამჯამად კონფლიქტის ზონაში 1000 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რაც ორჯერ აღემატება შეთანხმებით გათვალისწინებულ რაოდენობას.
“პრაქტიკულად გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ნაწილის პირდაპირი ოკუპაცია“, – დასძინა თარგამაძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მიმართავს თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს უხლოეს საათებში მოახდინოს მეგობართა ჯგუფის დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების თაობაზე, ასევე გაუგზავნოს თხოვნა ეუთოს მისიას საქართველოში, რათა მოხდეს ცხინვალში რუს სამშვიდობოთა ბაზის ინსპექტირება. თარგამაძემ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას ასევე სთხოვა მოწვეულ იქნას შერეული საკონტროლო კომისიის რიგგარეშე სხდომა.
“ჩვენ დაველოდებით ამ ღონისძიებების მსვლელობას, შევაფასებთ სიტუაციას და შემდგომ პირველივე საპარლამენტო სხდომაზე [6 ივნისს] უკვე პარლამენტის წინაშე დავაყენებთ გარკვეული განცხადებისა ან დადგენილების პროექტს გამომდინარე იქიდან, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
მან ასევე დაამატა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს “უსწრაფესი ზომები იმისათვის, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგონ სამშვიდობო სტატუსი როგორც სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ასევე აფხაზეთში“.
კიდევ ერთმა გავლენიანმა პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ 1 ივნისს განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები კონფლიქტის მოგვარების პროცესში ბარიერად იქცნენ და მათ უნდა დატოვონ კონფლიქტის ზონა.
დღესვე სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში სამხრეთ ოსეთში პროვოკაციები არ არის გამორიცხული.
“ჯერ ეს არის მხოლოდ პრელუდია იმისა, რასაც ისინი ამზადებენ საქართველოში“, – დასძინა მან.
1 ივნისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა საქართველოში აშშ-ს ელჩს ჯონ ტეფტს, გერმანიის ელჩს უვე შრამს და ეუთოს მისიის ხელმძღვანელს როი რივს შეხვდა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა.