ახალი ამბები

ქართული მხარე ცხინვალში შსკ-ს სხდომაში მონაწილეობას არ აპირებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 31 მაისს განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა 2 ივნისს ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე. შსკ-ს საგანგებო სხდომის მოწვევა რუსულმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა 27 მაისს კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოითხოვეს.


“ჩემმა კოლეგებმა შსკ-დან გამაფრთხილეს, რომ აპირებენ შსკ-ს საგანგებო სხდომის ცხინვალში ჩატარებას, მაგრამ ეს საკითხი ასე სპონტანურად არ უნდა გადაწყდეს“, – განუცხადა ხაინდრავამ “ინტერფაქსს“.


მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე შსკ-ს სხდომის თბილისში ჩატარებას მოითხოვს. “და ეს საკმაოდ კანონიერი მოთხოვნაა“, – დასძინა მან.


უკანასკნელად შსკ-ს სხდომა ცხინვალში 11-12 მაისს ჩატარდა.


ამავდროულად, ე.წ სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ქართული მხარე 2-3 თვეში “სამხედრო ოპერაციისა“ და “აგრესიის“ განხორციელებას აპირებს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.

Back to top button