ახალი ამბები

მოსკოვი ჩრდილოეთ და ე.წ სამხრეთ ოსეთის მთავრობების სხდომაზე თბილისის პროტესტს ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით ჩრდილოეთ ოსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობების ერთობლივი სხდომის ჩატარებაში, რომელიც 19 მაისს ცხინვალში გაიმართა, “ექსტრაორდინალური არაფერი არ არის“.


ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის კომენტარში, რომელიც ოფიციალური თბილისის პროტესტის საპასუხოდ გავრცელდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს საპროტესტო ნოტით მიმართა რუსეთის მხარეს და მოსთხოვა განმარტებები რუსეთის ფედერაციის ერთ–ერთი სუბიექტის – ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას მთავრობის ცხინვალის შეხვედრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 


“არაფერი ექსტრაორდინალური ამაში არ არის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი უბრალოდ საერთო გამოყენების გეოგრაფიული დასახელება კი არაა, არამედ საქმე ეხება ერთიან ხალხს, დაკავშირებულს ნათესაური, ისტორიული, კულტურული და სამეურნეო ძაფებით“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამასთან მოსკოვი განმარტავს, რომ 19 მაისს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომელსაც ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ანალოგიური ერთობლივი სხდომა მარტში ვლადიკავკაზში გაიმართა. 


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 2000 წლის დეკემბერში რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს სამთავრობოთაშორისო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა ურთიერთქმედებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის რეაბილიტაციის და დევნილთა დაბრუნების საქმეში და რომლის თანახმადაც რუსეთს და საქართველოს მხარი უნდა დაეჭირათ ადმინისტრაციულ-ტეროტორიული ორგანოების, საწარმოების და ორგანიზაციების ინიციატივისთვის სამხრეთ ოსეთის მხარისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მხარდაჭერის თაობაზე და ასევე ხელი შეეწყოთ ინვესტიციების მოზიდვისთვის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შემდგომი ეკონომიკური განვითარების მიზნით.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button