skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს

დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება და მიმართვა ნატო–ს წევრი პარლამენტებისადმი, რომლითაც საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციისაკენ სწრაფვას პოლიტიკურ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.


დადგენილება ავალებს მთავრობას განაგრძოს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი ყველა ვალდებულების “სრულად და დროულად” შესრულება და ასევე თხოვს ნატო–ს წევრი სახელმწიფოების პარლამენტებსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების “დროულად და წარმატებულად” განხორციელებას.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 11 მაისს განაცხადა, რომ დადგენილების მიღება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ივნისის დასაწყისში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა უმაღლესი შეხვედრის წინ.


“ჩვენ ვთხოვთ ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტებს გვიშუამდგომლონ თავიანთ მთავრობებთან, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ამ ორგანიზაციაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


დადგენილებაში ნათქვამია, რომ “ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს არა მხოლოდ ხელისუფლების ურყევ ნებას, არამედ ძირითად პოლიტიკურ სპექტრს შორის არსებული სრული თანხმობის და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანს… ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცება, რეფორმების წარმატებული მიმდინარეობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და კონფლიქტების მშვიდობიანი, პოლიტიკური მოგვარება მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას“.


“ნატოში გაწევრიანების პროცედურით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის გაჭინურება ან დაბრკოლება გახდება მკაფიო წამახალისებელი გზავნილი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი ყველა ძალისათვის, რომელიც მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების შეფერხებითაა დაინტერესებული“, – ნათქვამია დადგენილებაში.


საქართველოს პარლამენტი ასევე აცხადებს, რომ ნატო–ში გაწევრიანება არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის “გარანტი“.

ნატო–ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ პირველი დადგენილება პარლამენტმა 2002 წელს მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button