
შსკ-ს სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკეს
შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის მონაწილეებმა 11 მაისს დაგმეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომელმაც 1 მაისს განაცხადა, რომ იგი გადადგება, თუ 2007 წლის 1 იანვრამდე საქართველო ვერ აღადგენს კონტროლს ე.წ. სამხრეთ ოსეთზე.
“ჩვენ აქ იმისათვის ვართ, რომ განვიხილოთ თითოეული ფაქტი, რომელიც უარყოფით გავლენას მოახდენს კონფლიქტის მოგვარებაზე და უცებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს პირდაპირ ეთერში, რომ თუ 2007 წლის 1 იანვარს ისინი ვერ შეხვდებიან ახალ წელს ცხინვალში, ის გადადგება. სად არის ლოგიკა? ამ განცხადებით მან [ირაკლი ოქრუაშვილი] გადახაზა ჩვენი მუშაობა და ჩვენი მცდელობები, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული“, – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა.
“ვფიქრობ, ეს უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას“, – განუცხადა ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელმა შსკ-ში თეიმურაზ კუსოვმა ჟურნალისტებს.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება “უსაფუძვლოა“.
“ბუნებრივია, რომ განცხადებები ართულებს გარემოებას, მითუმეტეს, როდესაც ეს განცხადებები საფუძველს არის მოკლებული. 1 იანვარი – ასეთი თარიღი სამშვიდობო გეგმაში შეტანილი არ არის. ბუნებრივია, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის უფლება, მაგრამ ჩვენთვის სამოქმედო არის სამშვიდობო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა და საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა“, – განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს.
შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა ცხინვალში 11 მაისს გაიმართა კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი პროგრამის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების თაობაზე.