
ოპოზიცია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას ეწინააღმდეგება
ლეიბორისტული პარტია ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის წინააღმდეგ გამოდის. ამ მიზნით პარტიის 16 წევრი პროტესტის ნიშნად უკვე მეორე დღეა რაც საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) შენობის ფოიეში შიმშილობს.
სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის მომატების შესახებ დღეს იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, თბილისში 12,8 თეთრის ნაცვლად 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტარიფი 15 თეთრი გახდება, ტარიფი მოიმატებს ასევე რეგიონებშიც.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 10 მაისს სემეკ-ის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიაზე ტარიფი მოიმატებს, ლეიბორიტული პარტია შიმშილობის აქციას კანცელარიის შენობის წინ გააგრძელებს.
ელექტროენერგიის ტარიფის მომატების წინააღმდეგ გამოდიან ასევე კონსერვატორები, რომლებიც საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ.
კონსერვატორების ერთ–ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ტარიფის გაზრდის შემდეგ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია “თელასის“ მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია “რაო ეესი“ დამატებით შემოსავლებს მიიღებს, “ქართველი მომხმარებლის ხარჯზე”.