skip to content
ახალი ამბები

სოხუმმა სამშვიდობო გეგმა წარადგინა, თბილისის წინადადებები კი იგვიანებს

მაშინ როცა თბილისი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის შემუშავების პროცესშია, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა 6 მაისს აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ წარდგენილი “ქართულ–აფხაზური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების შესახებ“ დოკუმენტი განიხილა.


გასული წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებს მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის გარკვეულ ვადებს უწესებს და ავალებს საქართველოს მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა 2006 წლის 1 მაისისთვის მოამზადოს. მიუხედავად ვადის ამოწურვისა, დეტალური საგზაო რუკა ჯერაც არ არის წარდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის.


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 10 მაისს განაცხადა, რომ მთავრობა აფხაზეთის სამშვიდობო გეგმას მაისის ბოლომდე წარადგენს.


“მომდევნო პლენარულ სხდომაზე ჩვენ გვექნება მთავრობის სამშვიდობო გეგმის განხილვა, რომელიც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებას და ასევე, ბუნებრივია, ძალიან მალე მოგვიწევს [აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს] სამშვიდობოებთან დაკავშირებით მსჯელობაც“, – განაცხადა ბურჯანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის ფორმატი საქართველოს მთავრობის მიერ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის ანალოგიური იქნება.


აფხაზმა პარლამენტარებმა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა შეშფოთება გამოხატა ბაღაფშის მიერ შემოთავაზებული გეგმის რამდენიმე დებულებასთან დაკავშირებით, მოიწონეს ეს ინიციატივა და მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ სოხუმი პირველი იყო, რომელმაც კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა ჩამოაყალიბა.


საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის“ ცნობით, დოკუმენტი შეიცავს მოთხოვნას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.


დოკუმენტი ასევე შეიცავს ქართული მხარისადმი შემდეგ მოთხოვნებს:


• ხელახლა შეაფასოს თავისი წარსულის შეცდომები და ბოდიში მოუხადოს აფხაზ ხალხს ასიმილაციის, ომის და იზოლაციის სახელმწიფო პოლიტიკის გამო;
• უარი თქვას აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პოლიტიკაზე;
• უარი თქვას აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და საინფორმაციო ბლოკადის პოლიტიკაზე;
• ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მიწაზე, ზღვასა და ჰაერში;
• დაიწყოს კონსულტაციები პრეზიდენტებს შორის ორი სახემწიფოს [საქართველოს და აფხაზეთის] მშვიდობიანი თანაარსებობის პირობების შესახებ;
• ითანამშრომლონ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში;
• შეიმუშავონ თანამშრომლობის თანამედროვე და ცივილიზებული მეთოდები ევროპის სამეზობლო სტრატეგიის ფარგლებში;
• უარი თქვან ეკონომიკური საკითხების პოლიტიზირებაზე, კერძოდ ეს ეხება აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციის პროექტს.


დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და გაეროს უშიშროების საბჭოს უზრუნველყონ გარანტიები ცეცხლის განუახლებლობის შესახებ.


სამშვიდობო გეგმა ადასტურებს აფხაზური მხარის პოზიციას რუსეთის სამშვიდობო პროცესიდან გამოდევნის “კონტრპროდუქტიულობის“ შესახებ.


სამშვიდობო გეგმა ასევე მოიცავს პუნქტს გალის რაიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე, იტყობინება “აფსნიპრესი“.


“დოკუმენტი ასახავს ჩვენი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ… პრეზიდენტის [სერგეი ბაღაფშის] ინიციატივა უნდა მოვიწონოთ“, – იტყობინება “აფსნიპრესი“ აფხაზი დეპუტატის ვიაჩესლავ ცუგბას სიტყვებზე დაყრდნობით.


თუმცა, ზოგიერთმა დეპუტატმა სამშვიდობო გეგმაში ასახულ რამოდენიმე საკითხზე სიფრთხილისკენ მოუწოდა.


“თავად იდეა დოკუმენტისა ძალიან კარგია, რადგანაც ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტისადმი აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მაგრამ არსებობს დებულებები დოკუმენტში, რომლებიც შესაძლოა გახდეს ორმაგი ინტერპრეტაციის წყარო, კერძოდ, ის ნაწილი, რომელიც დევნილებს ეხება. ვინ არის იმის გარანტი, რომ გალის რაიონში დაბრუნებული დევნილები ჩვენს წინააღმდეგ იარაღს არ აიღებენ? ჩვენ ასევე არ უნდა დავთანხმდეთ რკინიგზის აღდგენაზე აფხაზეთის გავლით, სანამ ჩვენს დამოუკიდებლობას არ აღიარებენ“, – განაცხადა აფხაზმა დეპუტატმა თეიმურაზ აჩუგბამ.

Back to top button