
სატელევიზიო გადაცემები პოლიციის ძალადობაზე ამახვილებენ ყურადღებას
7 მაისს ტელეკომპანიების “იმედის“ და “რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ყოველკვირეული გადაცემები პოლიციის ძალადობის გარშემო არსებულ დებატებს მიეძღვნა. გადაცემებში გაჟღერდა ის აზრიც, რომ 2 მაისს თბილისის ცენტრში განხორციელებული სპეცოპერაცია პოლიციის მიერ ძალის არაადექვატური გამოყენების დემონსტრირება იყო.
ორი ადამიანი დაიღუპა და ერთიც მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც პოლიციის სპეცრაზმმა 2 მაისს მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის განცხადებით, სპეცრაზმმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც დანაშაულში ეჭვმიტანილებმა ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. პოლიციის ოპერაცია უკვე დაგმეს ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა და სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. პოლიციის ამ ოპერაციას დეტალურად სწავლობს ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
ტელეკომპანია “იმედის“ პროგრამა “დროებამ“ და “რუსთავი 2“-ის “P.S.”-მა ინციდენტის თვითმხილველებისგან ინტერვიუები აიღეს. ეს უკანასკნელნი პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
კიდევ ერთ სიუჟეტში, რომელიც 7 მაისს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის გადაცემა “P.S.”-ში გავიდა, საუბარია პოლიციის კიდევ ერთი ოპერაციის დეტალებზე, რომელიც ქუთაისის მახლობლად 24 თებერვალს განხორციელდა და რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა. ეს ინფორმაცია ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ოფიციალურ ვერსიას და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე მიანიშნებს.
ეს სატელევიზიო სიუჟეტები და განსაკუთრებით, ტელეკომპანია “რუსთავის 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები, კიდევ ერთი დარტყმაა შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომლის გადადგომასაც ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ მოითხოვენ.