ზურაბიშვილი ბურჯანაძის პატარკაციშვილთან კავშირზე საუბრობს
გაზეთ “რეზონანსში” 4 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად პოლიტიკური პარტიის “საქართველოს გზა“ ლიდერია, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გააკრიტიკა და ბურჯანაძესა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს შორის კავშირზე გააკეთა განცხადება.
ზურაბიშვილის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ტელეკომპანია “იმედის“ პროგრამა “დროება“ უჩვენებს სიუჟეტს “ძალიან მოწესრიგებულ, გაწონასწორებულ, ოჯახის მოყვარულ, ბეჯითსა და საქმის მიმართ სერიოზულ ბურჯანაძეზე“, რასაც მოსდევს სიუჟეტი, თუ როგორ გაუსწორდნენ სვანეთის რეგიონის მაცხოვრებელს საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები.
“შემთხვევითია თუ არა, რომ თითქმის ტოტალური დისკრედიტაცია ეხება მხოლოდ პრეზიდენტსა და მის პირველ წრეს – მერაბიშვილს [შინაგან საქმეთა მინისტრს], კეზერაშვილს [ფინანსური პოლიციის უფროსს], ადეიშვილს [გენერალურ პროკურორს], ოქრუაშვილს [თავდაცვის მინისტრს] და ამ დროს მეორე ფრთა – ბურჯანაძე, მაჭავარიანი [ვიცე-სპიკერი], გაბაშვილი [პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე], თევდორაძე [პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე] ანგელოზებივით გვევლინებიან“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის თქმით, ბურჯანაძე, რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო, ცდილობს საკუთარი პატრიოტული იმიჯის დამკვიდრებას ანტირუსული გამოსვლების გზით – პოლიტიკა, რომელმაც კიდევ უფრო გააუარესა ურთიერთობები მოსკოვთან.
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს, განსაკუთრებით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ბურჯანაძემ დაიწყო იმ აზრის დოზირებულად გავრცელება, რომ თავად წარმოადგენს ამჟამინდელი პრეზიდენტის უფრო გაწონასწორებულ და უფრო დაბალანსებულ ვარიანტს.
“ახლა, რადგანაც თავისი “პატრიოტიზმი“ დაამკვიდრა, მშვიდად შეუძლია დაელოდოს იმ მომენტს, როცა უკიდურესად დაიძაბება სოციალური ფონი, მოგვიახლოვდება სოციალური კრიზისი, მაქსიმალურად უარყოფითი მუხტი დაგროვდება ხალხში პრეზიდენტისა და მის გარემოცვის მიმართ, რათა წავიდეს მოსკოვში და გამოიყენოს თავისი ნაცნობობა, რათა კრიზისი “მოგვაშოროს“… ეს მას არ ჩაეთვლება მარცხად, არამედ სააკაშვილს, ოქრუაშვილს და სხვებს. თვითონ კი გამოჩნდება, როგორც ქართველი ხალხის, გლეხის, მეღვინეს დამცველი და კრიზისიდან გამომყვანი“, – წერს ზურაბიშვილი სტატიაში.
“ადვილი შესაძლებლობა არსებობს, რომ მას მომზადებული ჰქონდეს სხვა კავშირები და არა მხოლოდ პატარკაციშვილთან: ოპოზიციის ნაწილს, შეიძლება, ინტერესი ჰქონდეს ახალ ოპოზიციურ ფულიან ძალასთან შეერთებისა და გარიგების; ასევე, ბიზნესმენთა ნაწილისთვის ეს ახალი ტანდემი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდება და მას ჩათვლიან კეზერაშვილისა და მერაბიშვილისაგან გადარჩენის შანსად. ამდენად, ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ ახალმა დაჯგუფებამ მიიღოს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და მიშას “პარტია“ აღმოჩნდეს უსუსური მათ წინაშე“, – დასძენს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გასული წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს მმართველი პარტიის დეპუტატების ჯგუფის, კერძოდ კი ნინო ბურჯანაძის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)