
მცირე შედეგის მიუხედავად, ოპოზიცია ბოიკოტს აგრძელებს
უკვე ერთი თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციურმა ფრაქციებმა – დემოკრატიულმა ფრონტმა, ახალმა მემარჯვენეებმა და მრეწველებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის პლენარულ სხდომებს, რასაც არც ოპოზიციისთვის და არც ხელისუფლებისათვის შედეგი არ მოუტანია. დღესდღეობით პლენარულ სხდომებზე კვორუმის შეგროვების პრობლემა იმაზე გაცილებით ხშირად დგას, ვიდრე ეს ოპოზიციის დარბაზში ყოფნის პირობებში იყო.
როგორც ხელისუფლება, ასევე მისი ოპონენტები საჯარო გამოსვლებში დიალოგის სურვილს გამოთქვამენ, თუმცა იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მემორანდუმში წამოყენებულ მოთხოვნებიდან ერთ–ერთს მაინც დააკმაყოფილებს, ჯერ–ჯერობით არ ჩანს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ნათლად მიანიშნა, რომ ხელისუფლება არ აპირებს იმ მოთხოვნების განხილვასაც კი, რომლებიც მერებისა და გამგებელების პირდაპირი წესით არჩევას, საარჩევნო კომისიების პარტიულ საწყისებზე ფორმირებას და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადაყენებას ეხება.
მეორეს მხრივ, კი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საარჩევნო კანონმდებლობასა და საგადასახადო კოდექსზე დიალოგისაკენ სულ უფრო ხშირად მოუწოდებს ოპონენტებს, თუმცა ამ ჟესტს ოპოზიცია აღიქვამს, როგორც ხელოვნურ ნაბიჯს და არა საერთო ენის გამონახვის რეალურ სურვილს.
“დღეს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ხელოვნული იმპულსები მოდის იგივე საგადასახადო და საარჩევნო კოდექსებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი ფრაქციის პოზიცია ასეთია: სანამ გირგვლიანის მკვლელობაში პირდაპირ ეჭვმიტანილი ადამიანები ინარჩუნებენ თანამდებობებს და პასუხისმგებლობა არ არის აღებული, აზრი არ აქვს საპარლამენტო ტრიბუნასთან დგომას“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ფიქრია ჩიხრაძემ, ახალი მემარჯვენეების ერთ–ერთმა ლიდერმა.
მიუხედავად ამისა, ხელისუფლების მოწოდებები ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია მრეწველთა ფრაქციას, რომელმაც საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გამართა მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.
“ჩვენ კონსულტაციებზე უარს არასოდეს ვამბობთ და დიალოგის მომხრენი ვართ, თუმცა ეჭვი გვეპარება, რომ ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები დააკმაყოფილოს“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ მრეწველთა ფრაქციის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ.
მისი თქმით, საგადასახადოს კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ 10–მდე წინადადებაზე მთავრობა პასუხს მათ ორი კვირის ვადაში გასცემს.
ბოიკოტის პირველივე დღეებიდან ოპოზიციურ ფრაქციებს შორის შეუთანხმებელი მოქმედებების ნიშნები აშკარა იყო, თუმცა მეორეს მხრივ, ოპოზიციას პრეტენზია არ აქვს ერთიანობაზე და ავტონომიურობას ინარჩუნებს, ბოიკოტში სოლიდარობის მიუხედავად.
“მრეწველების კონსულტაციებში ჩართვას ჩვენში ეჭვები არ გამოუწვევია, ვფიქრობ, ისინი კიდევ უფრო განმტკიცდნენ თავიანთ საბოიკოტო განწყობებში, მაგრამ მათ შესაძლო გადაწყვეტილებას დაუბრუნდნენ პლენარულ სხდომებს, გაგებით მოვეკიდებით“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ დეპუტატმა ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავამ.
მრეწველები აშკარად გამოხატავენ თავიანთ სკეპტიკურ დამოკიდებულებას ბოიკოტის მიმართ. “ბოიკოტი რაიმე სიკეთის მომტანი არ არის და ოპოზიციის მთლიანობისთვის ვიცავთ ამ ბოიკოტს მხოლოდ. მე პირადად უფრო მომხრე ვარ, რომ მემუშავა საპარლამენტო სხდომებზე და შეიძლება ბევრი ისეთი საკითხი არ გასულიყო, რომელიც გავიდა“, – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე, თუმცა დასძენს, რომ მრეწველები მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ პირველებმა არ დაარღვიონ ერთიანობა.
ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელი ივლიანე ხაინდრავა ასევე მიიჩნევს, რომ ბოიკოტმა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გადადგმული “იძულებითი ნაბიჯი“ იყო, “სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული, პოზიტიური შედეგი ვერ გამოიღო“.
“მეორეს მხრივ, ამან ერთგვარად შეაფუცხუნა საპარლამენტო უმრალესობის მოაზროვნე ნაწილი, რომლებიც აშკარაა, რომ დისკომფორტს განიცდიან. ჩვენ შევთავაზეთ მათ იმ თემებზე დღის წესრიგის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება რაიმე შედეგის მიღწევა და არა დიალოგი დიალოგისთვის“, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.
“ბოიკოტს შედეგები არ მოუტანია ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიციის პოლიტიკური შედეგი კი ჩანს – ბოიკოტმა ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას და ადამიანს საქართველოში სხვანაირად დაანახა მიმდინარე მოვლენები, ხელისუფლება გაშიშვლდა ყველას თვალში, როგორც ლუკაშენკოს რეჟიმს მიმსგავსებული, რომელსაც ოპოზიცია მხოლოდ ფასადური დემოკრატიის შექმნაში სჭირდება“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ ფიქრია ჩიხრაძემ.
ივლიანე ხაინდრავას განცხადებით კი, ოპოზიცია არ წამოეგება ხელისუფლების სატყუარას საარჩევნო კანონსა და საგადასახადო კოდექსში წვრილმანი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. “ჩვენ გვჭირდება რეალური სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება არბილებს თავის პოზიციებს, რადგან არ ვაპირებთ დღის წესრიგიდან მოვხსნათ გირგვლიანის მკვლელების დასჯისა და მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის საკითხები“, – განუცხადა ივლიანე ხაინდრავამ „სივილ ჯორჯიას“.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გირგვლიანის საქმეზე ხელისუფლებას აღებული აქვს ორიენტირი, რომ “დრო ყველაფრის მკურნალია“, თუმცა ეს საკითხი, მათი აზრით, აქტუალობას მანამ არ დაკარგავს, სანამ ბოლომდე არ დაისჯებიან დამნაშავეები.
გარდა ამისა ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ისეთი თემების წამოწევის შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოს დსთ–დან გამოსვლის საკითხის გადაწყვეტა, ლუსტრაციის კანონის მიღება ან აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების შესახებ დადგენილების მიღება, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში ზაფხულში უნდა დადგეს, შეწყვიტოს ბოიკოტი და დროებით მაინც დაუბრუნდეს სხდომათა დარბაზს.
“მაგრამ, თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ამ ერთი თვის განმავლობაში იყო, არ გამოვრიცხავ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავრჩეთ ბოიკოტის რეჟიმში“, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.