skip to content
ახალი ამბები

კოკოითი და ბაღაფში ურთიერთდახმარებაზე შეთანხმდნენ

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა, სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა 28 აპრილს სოხუმში  განაცხადეს, რომ ორ რეგიონს შორის თანამშრომლობა მშვიდობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და არ არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.


კოკოითმა და ბაღაფშმა 28 აპრილს სოხუმში „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების“ რატიფიკაციის თაობაზე ნოტების გაცვლის შესახებ ოქმს მოაწერეს ხელი. 


სოხუმში კოკოითს თან ახლავს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მურად ჯიოევი, უშიშროების სამსახურის უფროსი ნიკოლაი დოლგოპოლოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე იბრაგიმ გასეევი.


ხელშეკრულება, რომელსაც ბაღაფშმა და კოკოითმა ცხინვალში 2005 წლის 19 სექტემბერს მოაწერეს ხელი და რომლის რატიფიკაციაც თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტებმა 2006 წლის თებერვალში მოახდინეს, ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას ეკონომიკის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.


„იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხე შეექმნება ან დაირღვევა ერთ-ერთ სახელმწიფოში [არაღიარებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში], მხარეები დაუყონებლივ დაიწყებენ კონსულტაციებს თავიანთი ქმედებების კოორდინირებისთვის, რაც მიზნად ისახავს ამგვარი საფრთხის თავიდან აცილებას და ეფექტური ზომების მიღებას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.


ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების სამხედრო კომპონენტი ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარი ყურადღება უნდა გამახვილდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ სამხრეთ ოსეთი დაუყონებლივ დახმარებას აღმოუჩენს აფხაზეთს ქართული მხრიდან აგრესიის შემთხვევაში.


კოკოითმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გააძლიერებენ თავიანთ სამხედრო თანამშრომლობას. „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აფხაზური შენაერთების მონაწილეობით სამხედრო წვრთნების ჩატარება ამის [თანამშრომლობის] დამადასტურებელია. ჩვენ განვაგრძობთ ამგვარ წვრთნებს საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა კოკოითმა.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის დნესტრისპირეთთანაც მოაწეროს ხელი ანალოგიურ ხელშეკრულებას.


მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო პროცესს საფრთხე შეექმნება აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და დნესტრისპირეთს ერთიანი პოზიცია ექნებათ და ერთად გამოვლენ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან.


ბაღაფშის თქმით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ასევე ითანამშრომლობენ „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ საქმეში.


„ტერორისტული აქტები, რომლებსაც რეგულარულად ახორციელებენ ქართული სპეცსამსახურები სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონებში და ასევე გალის რაიონის სასაზღვრო მიდამოებში, გვიბიძგებს, რომ ვეძებოთ გზები ამ ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად… აფხაზეთში სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა ანტიტერორისტული ცენტრი სწორედ ამ მიზნისათვის“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს სამხრეთ ოსეთიც დგამს.


„საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შევქმნით ჩვენი მოქმედებების კოორდინაციის სისტემას ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.  ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ უნდა გააერთიანოს მცდელობები ამ ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ორივე ლიდერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთსაც დამოუკიდებლობა სურთ.


ედუარდ კოკოითის თქმით, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საერთაშორისო დონეზე უნდა იქნას აღიარებული, რათა შემდეგ რეგიონი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button