
თოფაძე ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლის, ეკონომიკური პოლიტიკის გამო აკრიტიკებს
მრეწველთა პარტიის ლიდერი, კომპანია “ყაზბეგის” პრეზიდენტი გოგი თოფაძე ხელისუფლებას მეწარმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და სახელმწიფო ეკონომიკური სტრატეგიის არ არსებობის გამო აკრიტიკებს.
მისი თქმით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დღეს საქართველოში ეკონომიკურ პოლიტიკას მართავენ, ადგილობრივი წარმოების განვითარების წინააღმდეგნი არიან და “მათი კონცეფცია – საქართველო მრეწველობის გარეშე, ლოგიკურად ვითარდება“.
“მეწარმეები ძალიან შეწუხებულები არიან, რომ სახელმწიფოში მეწარმეობის განვითარებისათვის ნაბიჯი არ იდგმება“, – განაცხადა გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
გოგი თოფაძე მეორე ბიზნესმენია, გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის შემდეგ, რომელმაც ბიზნესზე ზეწოლასა და ბიზნესმენების დაშინებაში ხელისუფლება ღიად დაადანაშაულა.
გოგი თოფაძემ მეწარმეებზე ზეწოლის კონკრეტულ მაგალითად მრეწველთა პარტიის წევრის, ბიზნესმენ ლუკა რამაზაშვილის დაპატიმრება მოიყვანა.
“ლუკას [რამაზაშვილი] დაკავებაში პირდაპირ ვადანაშაულებ თელავის რაიონის გამგებელს [გოჩა მამაცაშვილს], მისი დაპატიმრების ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ თავისუფალი მეწარმე არ მოსწონს იმ გუნდს, რომელიც თელავის რაიონს მართავს…არ მოსწონთ ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავება, ეს ხელს უშლის უკონტროლოდ მოჭრილი მორების უცხოეთში გატანას და რამოდენიმე ადამიანის ჯიბის გასქელებას“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
ლუკა რამაზაშვილი, რომელიც ხე–ტყის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელია, მიმდინარე წლის 30 იანვარს დააპატიმრეს. მას ბრალად ერთ-ერთი საწარმოს მითვისება და ხე–ტყის უკანონოდ მოჭრა ედება.
თუმცა თოფაძე აცხადებს, რომ რამაზაშვილი უკანონო პატიმარია და მის გათავისუფლებას მოითხოვს. მრეწველთა ლიდერი ასევე მიმართავს ადამიანის უფლებათა დამცველებს „გამოიკვლიონ ვისი პირადი პატიმარია რამაზაშვილი“.