ახალი ამბები

ნოღაიდელი: “ჭიათურმანგანუმზე“ საინვესტიციო წინადადებების განხილვის პროცესში ვართ

პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მთავრობა “ჭიათურმანგანუმთან” დაკავშირებით საინვესტიციო წინადადებების განხილვის პროცესში იმყოფება.


“საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მივიღებთ დამოკიდებულია არა ჩვენს კეთილგანწყობაზე, არამედ წარმოდგენილი საინვესტიციო  წინადადებების ხარისხზე: ფასზე, რეინვესტიციების ოდენობაზე, ინვესტიციების სისწრაფეზე“, – განაცხადა დღეს მთავრობის ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ–მინისტრმა.

თებერვალში ბრიტანულმა კომპანია “სტემკორმა”, რომელიც ფლობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას,  სურვილი გამოთქვა “ჭიათურმანგანუმისა” და ვარციხე ჰესების შეძენის თაობაზე.


ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომ ზესტაფონის ფეროს მფლობელი კომპანია ბუნებრივია, რომ უნდა იყოს დაინტერესებული “ჭიათურმანგანუმის“ შეძენით, რადგან “ერთიან ორგანიზმად მათ არსებობას ბევრად უფრო მეტი აზრი აქვს“. 


ჩოგოვაძის ინფორმაციით, “ჭიათურმანგანუმი“ იმყოფება გაკოტრების რეჟიმში “ანუ კლასიკური გაგებით ჩვენ ლაპარაკი არ გვაქვს პრივატიზაციაზე“.
შარშან იანვარში “ჭიათურმანგანუმისა” და ვარციხე ჰესების საპრივატიზაციო პროცესში რუსულმა “ევრაზჰოლდინგმა” გაიმარჯვა, თუმცა იმავე წელს, ივნისში უარი თქვა ამ საწარმოების შეძენაზე მანგანუმზე საბაზრო ფასების ვარდნის მოტივით.

Back to top button