
პარლამენტის თავმჯდომარე სანკტ–პეტერბურგში მიემგზავრება
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს საღამოს სანკტ–პეტერბურგში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს გამართავს თავის რუს კოლეგასთან, სათათბიროს სპიკერთან ბორის გრიზლოვთან და ასევე კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
შეხვედრებზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხება, მათ შორის რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის გამო გართულებულ სიტუაციას.
რუსეთში გამგზავრებამდე პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ ღვინის პრობლემატიკაზე გააკეთა კომენტარი.
“პრობლემა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით ეხება სწორედ იმ ღვინოებს, რომელიც ჩამოსხმულია არა საქართველოს ტერიტორიაზე და შეტანილია რუსეთში არა საქართველოდან, არამედ, როგორც წესი, ჩამოსხმულია რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ შეგვიძლია და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მომაწოდა ეს ინფორმაცია, პირდაპირ მისამართები მივცეთ ჩვენს რუს თანამოსაუბრეებს იგივე პადმასკოვიაში, ტულაში, სადაც მზადდება ე.წ ქართული ღვინოები, რომელსაც შემდეგ ქართული ღვინის ეტიკეტით ყიდიან რუსეთში“, – განაცხადა 26 აპრილს ნინო ბურჯანაძემ.