
კამინინი: ქართული მხარე არ იღებს ზომებს ახალქალაქის ბაზის გაყვანის ხელშესაწყობად
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ კამინინმა განაცხადა, რომ ახალქალაქის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის 26 აპრილიდან გაყვანის პროცესი ფერხდება იმის გამო, რომ 25 აპრილს ახალქალაქის ადგილობრივმა მოსახლეობამ ბაზის ბლოკირება მისი გაყვანის წინააღმდეგობის მოტივით მოახდინა.
“ბაზის ხელმძღვანელობამ საქართველოს შსს–ს ადგილობრივ სამხედრო პოლიციას მიმართა წინადადებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რაიმე ზომების მიღებაზე იმ მოტივით, რომ ეს არ შედის მათ მოვალეობებში“, – აცხადებს კამინინი.
იგი საგანგებოდ უსვამს ხაზს, რომ ახალქალაქის მოსახლეობა ბაზის გაყვანის წინააღმდეგია, რადგან ეს “გამოიწვევს რეგიონში სოციალურ–ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას“.
კანინინის განცხადებით, თბილისსა და მოსკოვს შორის 31 მარტს ბაზების გაყვანის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმებით ქართულმა მხარემ თავის თავზე აიღო ვალდებულება ბაზების გაყვანის უსაფრთხოებისა და გასაყვანი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის უსაფრთხო ტრანსპორტირების შესახებ.
“ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის მოქმედებებს გაატარებს ახალქალაქში“, – აცხადებს კამინინი.