ახალი ამბები

ოსური მხარე შსკ-ს სხდომის ცხინვალში ჩატარებას ითხოვს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ცხინვალში 11-12 მაისს ჩატარების ინიციატივით მიმართა შსკ-ს თანათავმჯდომარეებს, ეუთოს, ევროკომისიისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელობას.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ცხინვალი შსკ–ს სხდომაზე კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრის, ამ ჯგუფის სამუშაო გეგმის შემუშავების და დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს გამოიტანს განსახილველად.


შსკ–ს ბოლო სხდომა 27-29 მარტს ვლადიკავკაზში გაიმართა, სადაც მხარეები შეთანხმდნენ 10–კაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეიმუშავებს სამშვიდობო პროცესის ერთობლივ სამოქმედო პროგრამას, სადაც ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

Back to top button