
სააკაშვილი: რუსეთი პრობლემებს გვიქმნის
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ გაზის ღირებულების გაზრდით, რასაც შედეგად ელექტროენერგიის ღირებულების ზრდა მოჰყვება, რუსეთი მიზნად ისახავდა “საქართველოს თითოეული ოჯახისთვის პრობლემების შექმნას“.
ენერგეტიკის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას გაზრდილი ტარიფის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირება დაავალა სოციალურად დაუცველი ფენებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დაგეგმილი ზრდის არც თარიღი და არც ზუსტი ტარიფი ცნობილი არ არის, ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, რომ გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას დაახლოებით 10-11 მილიონი ლარი დასჭირდება.
“რუსეთის მთავარი მოტივაცია გაზის ღირებულის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებისა არის ის, რომ უფრო მეტი პრობლემები შეუქმნას თითოეულ ქართულ ოჯახს, გაამწაროს თითოეული ქართული ოჯახი… მიზანი არის სრულიად კონკრეტული – ყველა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს, რომ ის ისჯება იმის გამო, რომ ქვეყანას აქვს დამოუკიდებელი კურსი, ქვეყანას უნდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნას უნდა გაძლიერება და ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გარკვეული ხალხის მიერ რუსეთში გამიზნული დარტყმა თითოეულ ქართულ ოჯახზე მაქსიმალურად იქნას შემცირებული და თავიდან აცილებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ენერგეტიკის კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, მთავრობამ ტარიფების ნაწილობრივი სუბსიდირება უნდა მოახდინოს იმ მოქალაქეებისთვის, “რომლებიც ელექტროენერგიის მცირე რაოდენობას მოიხმარენ“.