
საპარლამენტო ოპოზიცია დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს ოპოზიციური ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ ინიციატივით საპარლამენტო ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრა გაიმართა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმ მიზეზების გაცნობის მიზნით, რამაც “დემოკრატიული ფრონტის“, “ახალი მემარჯვენეებისა“ და “მრეწველების“ ბიოკოტი გამოიწვია.
ოპოზიცია მემორანდუმში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს 10 აპრილს გაეგზავნა, სამ მოთხოვნას უყენებს ხელისუფლებას: საარჩევნო კანონში ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კომისიების პარიტეტულ საწყისებზე ფორმირებას და სიების სრულყოფას ეხება; მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა; შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომა და სამინიტროს რეორგანიზაცია.
“ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ჩაერიონ და მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე იმ ფარგლებში, რასაც საერთაშორისო ურთიერთობების ფორმატი ითვალისწინებს“, – განაცხადა დღეს “დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელმა, დეპუტატმა კახა კუკავამ.
სამივე ოპოზიციური ფრაქცია 31 მარტიდან დაწყებულ ბოიკოტს ჯერ–ჯერობით არ წყვეტს. გასულ კვირას ხელისუფლების მიერ ინიცირებული შემთანხმებელი ჯგუფის ფარგლებში საგადასახადო კოდექსზე გამართულმა კონსულტაციებმა, რომელშიც მხოლოდ ფრაქცია მრეწველების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, შედეგი ვერ გამოიღო და მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.