
საგარეო საქმეთა მინისტრი დანიას სტუმრობს
24 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრა, სადაც შეხვედრები გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პერ სტიგ მიოლერთან და თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან კრისტიან ფიშერთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შეთანხმებების გაფორმების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დანიური ინვესტიციების მოზიდვას, ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის მხარემ საქართველოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან მიერთებისა და ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში.
საგარეო უწყების ცნობით, 2006 წლის ზაფხულში იგეგმება საქართველოს საელჩოს გახსნა დანიის სამეფოში.