ახალი ამბები

ბურჯანაძის გამოსვლას რუსი დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სანკტ–პეტერბურგში რუსეთის სათათბიროს 100 წლის საიუბილეო სხდომაზე გამოსვლისას

მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ რუს კოლეგებს ქართული ღვინო ვერ მიართვა, რადგან რუსეთში ღვინის შეტანა აკრძალულია. ამ ფრაზას რუსი დეპუტატების მწვავე რეაგირება მოჰყვა, რაც ხელების მაგიდებზე ბრახუნში გამოხატეს.


“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ორივე სახელმწიფოს საკეთილდღეოდ განვითარდება. სასურველი იქნებოდა, რომ დღევანდელ ზეიმზე თქვენთვის მოგვერთმია ნამდვილი ქართული ღვინო, მაგრამ ეს დღეს არ გამოვიდა იმიტომ, რომ ამას შეფერილობა აქვს, სამწუხაროდ, პოლიტიკური, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე ჩვენ აღვნიშნავთ ერთიან დღესასწაულებს დაფუძნებულს ერთიან დემოკრატიულ ფასეულობებზე და იქნება სიტუაცია, როცა იზეიმებს სიმართლის ძალა და არა ძალის სიმართლე. მე ამას გულითადად გისურვებთ“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ 27 აპრილს რუს კოლეგებს.


ქართულ ტელეკომპანიებთან გაკეთებულ კომენტარებში რუსმა დეპუტატებმა ბურჯანაძის გამოსვლისას გამოხატული აგრესია დაუკავშირეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის “შეურაცხმყოფელ“ განცხადებას, რომელმაც 20 აპრილს განაცხადა, რომ “რუსეთში ფეკალური მასაც რომ გაიტანო, ისიც კი გაიყიდება“.


პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში რუსეთთან ურთიერთობებზე, მათ შორის რუსული პოლიტიკის ორმაგ სტანდარტებზეც ისაუბრა.


“რუსეთში ყველამ უნდა გაიგოს, რომ შეუძლებელია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებში უსაფრთხოების ხელშეწყობის გარეშე. ჩვენ და თქვენ გვჭირდება ახალი კავკასიური პოლიტიკა, სეპარატიზმს უნდა ვებრძოლოთ არა სიტყვით, არამედ საქმით. მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთი უარს იტყვის ორმაგ სტანდარტებზე, შეასრულებს თავის საშუამავლო ფუნქციას კონფლიქტებში, კავკასიური პოლიტიკა იქნება გასაგები და წარმატებული თავად რუსეთისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

Back to top button