
სახელმწიფო მინისტრი თურქეთს სტუმრობს
ქართული მედიის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, რომელიც ასევე მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეცაა, 16 აპრილს ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. ხაინდრავა თურქეთის მესხეთელ დიასპორასთან შეხვედრასაც გეგმავს.
2006 წლის იანვარში ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს დააჩქაროს კანონმდებლობის მიღება მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, რათა ეს პროცესი 2011 წლისათვის დასრულდეს.
საქართველოში 14 მარტს განხორციელებული ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა აჰმეთ ნეჯეთ სეზერმა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ “თურქეთი ინტერესით ადევნებს თვალს საქართველოს მთავრობის პოზიტიურ მუშაობას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით“.
“თურქეთი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს რეპატრიაციის პროცესში“, – დასძინა მან.