ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე საუბრობს

გაზეთ “რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ოპოზიციური პარტიის “საქართველოს გზა“ ლიდერმა  სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების დაბალანსება არ გამოსდის.


“ვერ ვხედავ ამ სამკუთხედის ალტერნატივას, როდესაც გათვალისწინებულია ყველას ინტერესი… ამის მიღწევა ძალიან ძნელია. მაგრამ ალტერნატივა – მხოლოდ კონფრონტაციაა, თავიდან რუსეთთან, შემდეგ ყველასთან, ბალანსირება არ გამოდის: ამათთან დღეს საქმე კარგად არის და იმათთან ცუდად, ხვალ კი, ყველაფერი პირიქით. დროა, ეს თამაშები დამთავრდეს. ნათელი და გამოხატული ინტერესებით მხოლოდ ასეთ სამკუთხედში შეიძლება სტაბილურობის პოვნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


რუსეთისა და საქართველოს მიერ ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით 31 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების კომენტირებისას მან გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ “საწყისი ხელშეკრულებიდან აფხაზეთში გუდაუთის ბაზა გაქრა“.


31 მარტის შეთანხმებას საფუძვლად უდევს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დეკლარაცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა და სერგეი ლავროვმა 2005 წლის 30 მაისს მოაწერეს ხელი.


30 მაისის დეკლარაციის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ განეგრძოთ მუშაობა ეუთოს ეგიდით გუდაუთის ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის პროგრამის დაწყების თაობაზე. რუსეთი აცხადებს, რომ მან უკვე დახურა თავისი სამხედრო ბაზა გუდაუთაში, როგორც ამას ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულება 2001 წლამდე ითვალისწინებდა, თუმცა ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას.


“ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ საწყისი ხელშეკრულებებიდან აფხაზეთში გუდაუთის ბაზა გაქრა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


გაზეთ “კვირის პალიტრის“ მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, რომელიც 10 აპრილს გამოქვეყნდა, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში ხმების 23,1%-ს მოიპოვებდა. მიხეილ სააკაშვილმა ხმების 33% მოიპოვა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, იგი თავისი პოპულარობით გაკვირვებული არ არის.


“ბევრს ვმოგზაურობ ქვეყანაში, ვხვდები ადამიანებს, ჩემი პოპულარობა მაღალია. ეს ნაწილობრივ იმიტომ, რომ მე უსამართლოდ მომექცნენ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ არავინ ეჭვობს ჩემს კორუმპირებულობაზე“, – განაცხადა მან.


მისი თქმით, მთავრობამ ბევრი შეცდომა დაუშვა “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.


“იკარგება ხელისუფლების კონტაქტი ხალხთან. ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგს არ აწარმოებს. ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის წარმოუდგენელია და ასე არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ინდიკატორი შემოდგომის ადგილობრივი არჩევნები გახდება, მისმა შედეგებმა ხელისუფლებას ბევრი უნდა უთხრას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი “პოლიტიკურად მკვდარია და პარლამენტში პროპრეზიდენტული უმრავლესობა ოპოზიციას არაფრის კურსში არ აყენებს“, რომელმაც საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა.


ზურაბიშვილის თქმით, ამ ბოიკოტით ოპოზიციას სურს დაანახოს საზოგადოებას, რომ “რეალურად არაფრის შეცვლა არ შეუძლია“.
 

მსგავსი/Related

Back to top button