
სააკაშვილმა ქართული ღვინის ბაზრების გაფართოება თავდაცვის მინისტრს დაავალა
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიება თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა, რომელიც სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის შერჩევა ამ ჯგუფის ხელმძღვანელად მინისტრის კარგ მუშაობას უკავშირდება.
“ახალი ბაზრების მოძებნა საგანგებოდ დაევალა ცალკე ჯგუფს და მე ვთხოვე ირაკლი ოქრუაშვილს ამ ჯგუფს ჩაუდგეს სათავეში. ეს არის მისი დამატებითი საზოგადოებრივი მოვალეობა… მინდა, რომ თავისი უშუალო ფუნქციის პარალელურად მან გააკეთოს რამდენიმე ვიზიტი უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიის ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ირაკლიმ, რასაც ხელი მოკიდა, ყველაფერი კარგად გააკეთა. მას ადრე ჰქონდა ძალიან კარგი ბიზნეს–გამოცდილება, სანამ მოვიდოდა სახელმწიფო სამსახურში და ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველას, რომ წელს ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ [ღვინის წარმოების] სფეროში დარგის მთლიანად გადარჩენა“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა პეკინში ქართულ ტელეკომპანიებს.
ოპოზიცია პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უცნაურად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ამ ნაბიჯს თავდაცვის მინისტრის პრემიერ–მინიტრის პოსტზე დანიშვნა მოჰყვეს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე დღესვე კომენტარი სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმაც გააკეთა. სვიმონიშვილმა, რომელსაც უშუალოდ ევალება ქართული ღვინის ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარება, განაცხადა, რომ ქართული ღვინის ლობირების პროცესში მთავრობის ყველა წევრი უნდა ჩაერთოს.