
ბეჟუაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა.
13 აპრილს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 26+1 ფორმატში (ალიანსის 26 წევრი ქვეყანა და საქართველო), სადაც საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შეფასების ანგარიშს განიხილავენ.
საქართველოს მხარეს წარმოადგენენ გელა ბეჟუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.
“IPAP–ის განხორციელების დადებით შეფასებას და ალიანსის წევრების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადასვლასა და ალიანსში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.