
დეპუტატები უმრავლესობიდან უარყოფენ ვარაუდებს ვადამდელი არჩევნების თაობაზე
ოფიციალურმა პირებმა ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების თაობაზე “არასერიოზული“ უწოდეს.
საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსი” 10 აპრილს იტყობინება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტის დათხოვნას, მთავრობის გადაყენებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს.
“ამგვარი არასერიოზული კითხვები არც უნდა დასვათ“, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა მაია ნადირაძემ ჟურნალისტებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, განაცხადა, რომ ამ საკითხის დაყენების არანაირი იურიდიული წინაპირობა არ არსებობს, რადგანაც საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა საბიუჯეტო შეუთანხმებლობის ან პარლამენტსა და მთავრობას შორის პოლიტიკური უთანხმოების შემთხვევაში შეუძლია.
ფრაქცია მაჟორიტარების თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დეპუტატმა ბესო ჯუღელმა 10 აპრილს განაცხადა, რომ იგი არ იქნება პარლამენტის დათხოვნის წინააღმდეგი. მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პრობლემები მთავრობაშიც არსებობს.
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა გასულ კვირას პრეზიდენტს მთავრობის გადაყენება მოსთხოვეს.
“პარლამენტიც უნდა იქნას დათხოვნილი, რადგანაც ის არაეფექტურ ორგანოდ გადაიქცა“, – განაცხადა მრეწველთა პარტიის ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ 10 აპრილს.