
ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის შესრულებაში დარღვევებია
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ვერ ასრულებს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, წერს გაზეთი “24 საათი“ 10 აპრილს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სახელით და საქართველოს მთავრობამ გასული წლის სექტემბერში ხელი მოაწერეს ათასწლეული გამოწვევის 295 მილიონ 300 ათას აშშ დოლარის ხუთწლიან შეთანხმებას ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. პროგრამა ოფიციალურად 9 აპრილს დაიწყო, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ დანილოვიჩმა პროგრამა “ძალაში შესულად“ გამოაცხადეს.
გაზეთი იუწყება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენლის, საჯარო ფინანსების გამჭირვალობის პროგრამის კოორდინატორის ირაკლი ხოდელის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას დეტალურად ასახოს პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხების მიზნები სახელმწიფო ბიუჯეტში.
2006 წელს საქართველომ პროგრამის ფარგლებში 51,7 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიიღოს, მაშინ როცა, მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2006 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 25,3 მილიონი ლარია ასახული.
“რა თქმა უნდა, ჩვენ მივწერეთ წერილი ფინანსთა სამინისტროს და განმარტება მოვთხოვეთ. მათი ოფიციალური პასუხი იყო ის, რომ სამინისტრომ ჯერ ზუსტად არ იცის, რაში და როგორ დახარჯავს ამ ფულს, ამიტომაც არ უნდა წინასწარ მისი ბიუჯეტში ასახვა“, -განაცხადა ირაკლი ხოდელმა.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტს დაგვიანებით ახორციელებს, მათ შორის იმ ნაწილსაც, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას ეხება. ირაკლი ხოდელის თქმით, სავარაუდოდ, ამ პროექტის განხორციელების გაჭიანურება მის შემდგომ განვითარებას შეაფერხებს.