
დანიელ ფრიდი: საქართველო ვერ წავა სამხედრო ავანტიურაზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 7 აპრილს განაცხადა, რომ “საქართველო ვერ წავა სამხედრო ავანტიურაზე“ და დასძინა, რომ დაუშვებელია “სამხედრო პასუხის“ გაცემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე.
ფრიდმა ეს განცხადება “ედუარდ მაროუს პროგრამა ჟურნალისტებისთვის” მონაწილეებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ინიციატივა, რომელშიც მსოფლიოს 129 ჟურნალისტი იღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოდან.
დანიელ ფრიდმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველო რევოლუციამდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, “ასე რომ, მე პროგრესს ამ ძალიან დაბალ დონესთან შედარებით აღვნიშნავ“.
“ეს პროგრესი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს. სამოქალაქო საზოგადოება უნდა გაძლიერდეს, ეკონომიკა უნდა განვითარდეს, სახელმწიფო ფუნქცონირებადი, მაგრამ არა ავტორიტარული, უნდა გახდეს“, – განაცხადა ფრიდმა.