
ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებისთვის ულტიმატუმს აქვეყნებენ
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე მომზადებულ მიმართვაში ოპოზიციური ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებას, პოლიტიკური პარტიების მიერ პარიტეტულ საფუძველზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციების შექმნას და ქალაქის მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას მოითხოვენ.
მიმართვის ტექსტი, რომელსაც უკვე მოაწერეს ხელი კანონმდებლებმა ახალი მემარჯვენეებიდან, 7 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე იქნა გაჟღერებული. ამჟამად მრეწველთა ფრაქცია მიმართვასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს.
„გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. პოლიტიკურ ოპოზიციასთან და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან რადიკალურმა კონფრონტაციამ საშიშ ზღვარს მიაღწია“, – ნათქვამია მიმართვის ტექსტში.
ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობის მაგალითებად დოკუმენტში ჩამოთვლილია ვალერი გელაშვილის წინააღმდეგ თავდასხმა, დეკემბერში თბილისის საკრებულოში მომხდარი ჩხუბი, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილება ვალერი გელაშვილის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ძალადობის ესკალაციის აღმოფხვრა და თავისუფალი და დემოკრატიული ადგილობრივი არჩევნების ჩატარება არის ერთადერთი გზა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან თავის დასაღწევად.
ოპოზიციონერი დეპუტატები არსებული საარჩევნო ადმინისტრაციების წინააღმდეგ გამოდიან, რომლებიც ხელისუფლების განცხადებით, პროფესიონალებით დაკომპლექტდა, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებაში და არ არიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრები. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა იმ ხალხით, რომელთაც მმართველი პარტია აკონტროლებს.
ოპოზიცია ასევე მოითხოვს ქალაქის მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევას. პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი თვითმართველობის შესახებ, რომელიც ქალაქის მერების საკრებულოების მიერ არჩევას ითვალისწინებს.
მესამე მოითხოვა გულისხმობს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებას და სამინისტროს რეორგანიზაციას, რომელიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, „მონსტრად“ გადაიქცა მას შემდეგ რაც უშიშროების სამინისტროს შეუერთდა.
„გამოხატავთ მზადყოფნას დაუყონებლივ დაიწყოს დიალოგი ხელისუფლების პირველ პირებთან ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით“, – ნათქვამია მიმართვაში.
ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა დემოკრატიული ფრონტიდან და ახალი მემარჯვენეებიდან ასევე განაცხადეს, რომ ისინი იტოვებენ უფლებას ბოიკოტი გამოუცხადონ პარლამენტის სხდომებს, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.